ნატვრის ხე

1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე “ისთ ფოინთის” და “თბილისი მოლის”, ასევე “კარფურის” ფილიალებში უცნაურად გაფორმებულ ნაძვის ხეებს შეხვდებით. საშობაო ხის ტოტები სათამაშოების ნაცვლად პატარების საშობაო სურვილებითაა მორთული. ეს “ხსნის არმიის” საშობაო-საახალწლო სოციალური პროექტი გახლავთ. “ნატვრის ხე”, იგივე “ანგელოზის ხე” 2010 წლიდან ხორციელდება და მიზანად ისახავს ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებში, ასევე ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების შეგროვებას.

“ნატვრის ხეები” წარმოდგენილია “ისთ ფოინთის” და “თბილისი მოლის”, ასევე “კარფურის” ფილიალებში, სადაც “ხსნის არმიელი” მოხალისეები ელიან რიგით ადამიანებს, რომლებიც მოისურვებენ – პასუხისმგებლობა აიღონ ერთი ბავშვისთვის შობის გალამაზებაზე.

პროექტში მონაწილების მიღება შეუძლიათ კომპანიებს, ოჯახებს, კერძო პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს, რომელთაც სურთ, გახდნენ პროექტის ერთ-ერთი დონორი. მონაწილეობის მსურველებს გადაეცემათ სპეციალური ბარათები, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია ბავშვის და მისი საახალწლო სურვილის შესახებ. ბავშვები, რომელთა სურვილებსაც “ხსნის არმია” სექტემბრიდან აგროვებს ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში, არიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან.

„თითოეული თქვენგანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. გთხოვთ, გვერდს ნუ ჩაუვლით პატარების სურვილებს და დაეხმარეთ ბავშვებს, რომ შობა-ახალი წელი იყოს მათთვის ნამდვილი დღესასწაული.“ – ამბობს “ხსნის არმიის” რეგიონალური ლიდერი სოფიო ბახტაძე.